logo
ENG



ვოლსკი "პრაიდის კვირეულზე": მე, პირადად, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ

16 ივნ 202118:30
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი "პრაიდის კვირეულზე": მე, პირადად, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ივლისში დაანონსებულ "პრაიდის კვირეულზე" საუბრისას ამბობს, რომ პირადად, "რეკლამირების", "პოპულარიზაციის" წინააღმდეგია. დეპუტატმა უპასუხა პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს, 10 დღეში გააუქმონ დაგეგმილი "ღირსების მარში" და თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

"არასწორი მიდგომაა ეს, რადგან საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

არა მარტო კანონის, უფლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ, ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერანაირად გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას კანონი, ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულების და განსხვავების მიუხედავად", - თქვა გია ვოლსკიმ. 

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს საკმარიის რესურსი, დაპირისპირება აიცილოს თავიდან:

"ყველამ დაატანოს ჭკუას ცოტა ძალა და ვიფიქროთ ქვეყანაზე და ყველანაირ დაპირისპირებებს მოვერიდოთ, იქნება ეს "პრაიდის" მხრიდან თუ "ანტიპრაიდის​" მხრიდან - ყველა მხარეს ეკუთვნის ეს. სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ეს დაპირისპირება, ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესები არ განავითაროს".

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.

 


close დახურვა